10:31 საათი. რიცხვი: 17.05.2024. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. | აქ შეგიძლიათ განათავსოთ მორბენალი სტრიქონი ან აქლემი. :)
 
  საწყისი რეკლამა ფლეშ თამაშები ცხრილები Photoshop  
თეატრის დაარსება

თეატრის დაარსება

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფი კულტურის ერთგვარი სიმბოლოა. ის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. 2001 წელს ამ თეატრის დაარსებიდან 150 წლისთავი შესრულდა. საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით. 1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, მეტად შორსმჭვრეტელმა დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. მათ შორის უმნიშვნელოვანესი გახლდათ საქართველოში ოპერის ჟანრის ბედით დაინტერესება. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს ხელმძღვანელობით, რომელთაც გამოუყო სპეციალური სცენა. ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია ცხრა კაცის შემადგენლობით. დასმა სპექტაკლების გამართვა 1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და კომედიებისაგან შედგებოდა. 1845-1846 წლების სეზონში თეატრში დირიჟორობდნენ კამენსკი და პეტროვი, შემდეგ მოიწვიეს მალაგანი და შენინგი. 1846 წლის 15 სექტემბერს მალაგანის ხელმძღვანელობით სპექტაკლის დაწყებამდე შესრულდა ობერის ოპერა “ფენელას” უვერტიურა, ხოლო შესვენების დროს - მალაგანის სიმფონია, რაც პირველი პრეცედენტი იყო ოპერისათვის განკუთვნილ სცენაზე სიმფონიური მუსიკის შესრულების თვალსაზრისით. შემდგომში ეს ტრადიციადაც კი იქცა. ამრიგად, სპექტაკლები პირველი მუდმივი თეატრის გამოჩენამდეც კი იდგმებოდა თბილისში. ვორონცოვმა მსახიობები საიმპერატორო თეატრებიდანაც მოიწვია. შემდგომში წარმოდგენები ქართულ ენაზეც ითარგმნებოდა. 1850 წლის 2 იანვარს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა". ამ პროცესების პარალელურად თბილისში მუდმივი საოპერო თეატრი შენდებოდა. ვორონცოვის თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის შენობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ანტონიო სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია). მუსიკალური თვალსაზრისით ერთობ "ჭრელი" ქალაქური ფოლკლორის პირობებში, თბილისის ოპერის თეატრი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. 1851 წლის 12 აპრილს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. რამდენიმე თვეში XIX საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ პარიზულ გაზეთში "ილუსტრასიონი" (1851 წლის 25 ოქტომბერის ნომერი) დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თეატრის შიდა ხედის ორი სურათით. სტატიის ავტორი წერდა: _ "ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია." 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები. 1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური". სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები. პირველ წარმოდგენას მოჰყვა "ერნანი", "ნორმა", "სევილიელი დალაქი" და სხვა ოპერები.

XIX საუკუნის II ნახევარი

ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა მეიერბერის "ჰუგენოტები" და "აფრიკელი ქალი", ჰალევის "კარდინალის ქალიშვილი", ობერის "ფენელა". მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად "ოპერომანიით" იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ "სილფიდას" II მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი "გიტანა" იყო, რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860 წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე დიდ, მუშტაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში. 1874 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრი ხანძრისგან იმდენად განადგურდა, რომ პრაქტიკულად ვერც ერთი დეკორაციის, კოსტიუმის, რეკვიზიტის და მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, დასმა მუშაობა არ შეწყვიტა და დროებით "საზაფხულო თეატრის" სცენაზე გადაინაცვლა. ამ პერიოდმა 22 წელი გასტანა. თბილისის კულტურული ცხოვრება ახალ-ახალი ღირსშესანიშნავი მოვლენებით მდიდრდებოდა. თეატრის სცენაზე მუშაობა დაიწყო რუსულმა საოპერო დასმა; დაიდგა პეტრე ჩაიკოვსკის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, ანტონ რუბინშტეინის ოპერები. თეატრის მხატვრული დონის ამაღლებას ხელი შეუწყო რუსი კომპოზიტორის - იპოლიტოვ-ივანოვის მოღვაწეობამ, რომელიც თეატრს სათავეში 1883-1893 წლებში ედგა. ქართული კულტურისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩაიკოვსკის ხუთგზის სტუმრობას საქართველოში 1886-1890 წლებში. დიდი რუსი კომპოზიტორი მუდამ აღფრთოვანებული რჩებოდა ქართული საზოგადოების დამოკიდებულებით ოპერის და ზოგადად აკადემიური მუსიკისადმი. იგი საგანგებოდ უსვამდა ხაზს მისი ოპერებისადმი არსებულ ცხოველ ინტერესს საქართველოში - "ჩემი ოპერები აქ უფრო ხშირად იდგმება და უფრო უყვართ, ვიდრე სხვაგან". 80-იან წლებში განსაკუთრებით გამოცოცხლდა ქალაქის საკონცერტო ცხოვრება. თბილისში კონცერტებით გამოდიოდნენ ცნობილი შემსრულებლები: გალი, პატი, ბარძი, მაზინი, კუბელიკი, ჩაიკოვსკი, რუბინშტეინი, რახმანინოვი, ზარუდნაია, იაკოვლევი, უსატოვი. ამ უკანასკნელის მოწაფემ, დიდმა რუსმა მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა, სწორედ თბილისში მიიღო სასცენო ნათლობა.

თეატრის ახალი შენობა

1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი) დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა). ე.წ. "სახაზინო თეატრი" 1896 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი". ეს დადგმა განახორციელა რუსულმა საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით ქართული საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებსაც გაეცნო. ხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამპოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08, 1913); მღეროდნენ XIX-XX საუკუნეში მოღვაწე შესანიშნავი მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი, მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასვლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ პოეტურმა ტრადიციამ ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო გოგნიაშვილის "ქრისტინე" (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე". პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან "თამარ ცბიერი" შესრულდა 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. შწორედ მათში ავლენდნენ თავიანთ განსაკუთრებულ თვისებებს ქართული ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები. 1937 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი კლასიკოსის ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს.
30-იანი წლებიდან ქართული ოპერები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ამიერიდან ისინი იდგმებოდა არა მხოლოდ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, არამედ საზღვარგარეთაც (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკია). 1958 წელს საბალეტო დასი ვახტანგ ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით საგასტროლოდ იმყოფებოდა ამერიკაში. 1959 წელს თეატრის სოლისტებმა ზურაბ ანჯაფარიძემ, პეტრე ამირანაშვილმა და ლეილა გოცირიძემ მონაწილეობა მიიღეს პრაღაში დადგმულ "აბესალომ და ეთერში". 1966 წელს თბილისის ოპერის თეატრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში - "სეგედის საერთაშორისო თამაშობანი" და საფრანგეთში გამართულ პარიზის მუსიკის IV საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წარმოადგინა ალექსი მაჭავარიანის "ოტელო" და დავით თორაძის "გორდა". 1969 წელს თეატრის დასმა ლოძში წარმოადგინა ოპერები: "დაისი", "რუსლან და ლუდმილა", "სოფლის ღირსება", "აბესალომ და ეთერი", აგრეთვე ბალეტები: "გორდა", "ორი ნოველა", "ბაიადერკა". საქართველოს დიდი მეგობრის ჰერმან ვედეკინდის ინიციატივით 1974 წელს გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში, ქართულ კულტურულ დღეებზე ადგილობრივი ოპერის თეატრის სცენაზე ქართულმა სადადგმო შემოქმედებითმა ჯგუფმა განახორციელა "აბესალომ და ეთერისა" და "დაისის" დადგმები. გივი აზმაიფარაშვილის დირიჟორობით შედგა ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის "მინდიას" პრემიერა. 1973 წლის ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა თავდაპირველი სახით იქნა აღდგენილი (არქიტექტორები – მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე). რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა.შ. ამ თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენის პორტალის ზომებია 16x10 მ. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. თეატრში ექვსი სარეპეტიციო დარბაზია, მათ შორის სამი საბალეტო, ორი საოპერო და ერთი - ორკესტრისთვის. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე.წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა. თეატრის რეპერტუარში მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკასთან ერთად წლების მანძილზე წარმოდგენილი იყო ქართველი კომპოზიტორების შალვა მშველიძის, ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, რევაზ გაბიჩვაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძის, რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის ნაწარმოებებით. სპექტაკლებს დგამენ რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, გურამ მელივა, რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე. მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი, იური გეგეშიძე, გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე. ბოლო წლების მანძილზე საგასტროლოდ ჩამოსულ შემსრულებლებს შორის აღსანიშნავია მანუელ ბელტრანი, ბარი ანდერსონი, ელენე ობრასცოვა, სერგეი ფილინი, სან-ფრანცისკოს საბალეტო დასი. 1982-2002 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლდათ გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ კახიძე. თეატრთან არსებობს სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოები სადაც მზადდება სპექტაკლებისათვის აუცილებელი მაკეტები, სასცენო დეკორაციები, იკერება კოსტიუმები.

გამოჩენილი თეატრალური მოღვაწეები

თეატრი ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, რომლებიც სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი. ნაკაშიძე, ლამარა ჭყონია, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე, ცისანა ტატიშვილი, მაყვალა ქარსაშვილი (http://www.belcanto.ru/kasrashvili.html), ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა (http://www.belcanto.ru/sotkilava.html), პაატა ბურჭულაძე (http://www.burchuladze.net), თემურ გუგუშვილი, ალექსანდრე ხომერიკი, ლიანა კალმახელიძე, მაია თომაძე, ჯემალ მდივანი, იმერი კავსაძე, ელდარ გეწაძე, ბადრი მაისურაძე (http://www.maisuradze.com), ვალერიანო გამგებელი (ესპანეთი), ლადო ათანელიშვილი (ლადო ათანელი, გერმანია, http://www.ataneli.com), ნაირა გლუნჩაძე (გერმანია), ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი, ესპანეთი, http://www.eterilamoris.com), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი, იტალია, http://www.iano-tamar.com), ნანა ქავთარაშვილი (http://www.nanamiriani.com) და სხვა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდნენ გამოჩენილი ქართველი დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი, ევგენი მიქელაძე, ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, დიდიმ მირცხულავა, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე; რეჟისორები: ალექსანდრე წუწუნავა, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე; გიზო ჟორდანია, გურამ მელივა; მხატვრები: ვ. სიდამონ-ერისთავი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, სიმონ(სოლიკო) ვირსალაძე, ივანე ასკურავა.

2004 – დღემდე

2004 წლიდან თეატრს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს რეჟისორი დავით საყვარელიძე, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.

2004 წლიდან დღემდე:
განხორციელდა რამდენიმე პრემიერა - განხორციელდა შემდეგი პრემიერები - ვერდის “აიდა”, “რეკვიემი”, “ტრუბადური”, “ჯამბაზები”, “ნაბუქო”, დონიცეტის “დონ კასკუალე”, განახლებული სახით დაიდგა მოცარტის “დონ ჯოვანი”, მასკანის “სოფლის ღირსება”, ვერდის “დონ კარლოსი”, “ბალ-მასკარადი”, “რიგოლეტო”, თაქთაქიშვილის “მინდია”, დაიდგა ბალეტები - სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი (“წამი გარდასახვამდე”, “Gრეენ”, “სიზმრები იაპონიაზე”), ლუდვიგ მინკუსის “დონ კიხოტი”, ფელიქს მენდელსონის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, ლეონარდ ბერნსტაინის “ლეა”, ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები, აგრეთვე ჩაიკოვსკის “გედების ტბა”, ფერდინანდ ჰეროლდის “ამაო სიფრთხილე”.

საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის მყარ გარანტად იქცა თეატრის გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციაში - “Opera Europa” და დსთ-ს ქვეყნების მუსიკალური თეატრების ასოციაციაში, რაც თეატრის განვითარების პერსპექტივას მრავალი მიმართულებით ხსნის.

გაიმართა ლადო ათანელის საიუბილეო კონცერტი “10 წელი მსოფლიო სცენებზე”, ეთერ და ნატო ჭყონიების კონცერტი, ოთარ თაქთაქიშვილის, მაია თომაძის ხსოვნის საიუბილეო საღამოები, ფელიქს ღლონტის და ბიძინა კვერნაძის საიუბილეო საღამოები, მოცარტის “დონ ჯოვანი”-ს ერთ-ერთ წარმოდგენაში მთავარი როლები განასახიერეს იტალიელმა მომღერლებმა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ვერდის “აიდა” აღმოჩნდა, რომელმაც თავი მოუყარა საზღვარგარეთ მოღვაწე გამოჩენილ ქართველ მომღერლებს - თეა დემურიშვილს, ვალერიანო გამგებელს, დიანა ვაშაყმაძეს, ირინე რატიანს, ნანა ქავთარაშვილს, მზია ნიორაძეს, ირაკლი გრიგალაშვილს. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლები დაკავებულნი იყვნენ აგრეთვე მასკანის “სოფლის ღირსებაშიც” და თეატრში განხორციელებულ სხვადასხვა კონცერტებშიც.
2005 წლის 10 მაისს თეატრის გუნდმა მონაწილეობა მიიღო თბილისში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაში.
ხაზგასმით აღსანიშნავია თეატრისა და პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდის “იავნანას” თანამშრომლობა, რის შედეგადაც ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. უწინარესად აღსანიშნავია გენიალური ფერუჩო ფურლანეტოს გასტროლი. მომღერალი წარსდგა ვერდის “დონ კარლოსში”. პაატა ბურჭულაძის მეოხებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ვენის “შტაადს ოპერამ” აჩუქა პუჩინის “მანონ ლესკოს”, ვენის “ფოლკს ოპერამ” მოცარტის “ასე იქცევა ყველა ქალის”, ხოლო სან დიეგოს თეატრმა გუნოს “ფაუსტის” დეკორაციები. თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლები გამართა 30-ზე მეტი ორგანიზაციისთვის, მათ შორის საპატრულო პოლიციისთვის, პირველკურსელებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, უდედმამო ბავშვებისთვის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილებისთვის და სხვა.

თეატრმა მოიწვია უცხოელი მომღერალი - ელენა პუტილოვა, საზღვარგარეთ მოღვაწე სოპრანო - ირინე რატიანი, კონტრაბასისტი - ალექსანდრე ხაინდრავა.

თეატრში ჩამოყალიბდა სიმებიანი კვარტეტი, კამერული ანსამბლები «Mon plaisir”, «ოვაცია», ფოლკლორული ანსამბლი «სულიკო», აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში და საზღვარგარეთ ცეკვის ანსამბლი «შეჯიბრი».

თეატრის მუზეუმში მზადდება საინფორმაციო კომპიუტერული ბაზა, მიმდინარეობს ფონდების მოზიდვის პროცესი. სრული ნოვაციაა სხვადასხვა შინაარსის რეგულარული გამოფენები. საპრემიერო და აღდგენილი სპექტაკლებისთვის მზადდება საცნობარო და საპროგრამო ბუკლეტები. მომზადდა თეატრის ორენოვანი ვებ-გვერდი (www.opera.ge).

წარმატებული აღმოჩნდა თეატრის გასტროლი დალჰალას საოპერო მუსიკის ფესტივალზე (2006 წლის 8-12 აგვისტო), რომელზეც თეატრის დასი წარსდგა ვერდის ოპერით “ტრუბადური” და სენ-სანსის ოპერით “სამსონ და დალილა” (საკონცერტო შესრულება). გარდა თეატრის სოლისტებისა სპექტაკლებში დაკავებულნი იყვნენ იური ნიჩაევი (მოსკოვის დიდი თეატრი) და დაინიუს სტუმბრასი (ვილნიუსის ოპერისა და ბალეტის თეატრი), სპექტაკლებს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი.
საოპერო დასი გასტროლით იმყოფებოდა რამდენჯერმე ისრაელშიც, საბალეტო დასი კი ამერიკაში, იაპონიასა და ედინბურგში.

საგასტროლოდ ჩამოსულ ხელოვანებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონსერატ კაბალიე, ფერუჩო ფურლანეტო, ხოსე კარერასი, მანუელ ბელტრანი, ბარი ანდერსონი, ელენა ობრაზცოვა, მარინა შაგუჩი, დოლორა ზაჯიკი, მარია პახარი, ანჟელინა შვაჩკა, გიდონ კრემერი, არვო ვოლმერი, დანიელე აჯიმანი, მანლიო ბენცი, მოცეკვავეები ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ანხელ კორელა, მარია ალექსანდროვა, ნადეჟდა გრაჩოვა, გალინა სტეპანენკო, სებასტიან კლობორგი და სხვ.
იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა “ლა სკალა”-ს სამხატვრო ხელმძღვანელის - ლუკა ტარჯეტის მოწვევაც, ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად თეატრს სპეციალური ორკვირიანი პროგრამით ესტუმრა მეტროპოლიტენ ოპერის მენეჯერი სტივენ ბრაუნი.

ბალეტის ისტორია

1852 წელს თბილისში, ახალგახსნილი ოპერის თეატრის მეორე სეზონზე, პეტერბურგიდან საბალეტო დასი მოიწვიეს (მათ შორის: ც. ჩერნოვა, ა. პავლოვა, ფ. მანოხინი, ე. პანოვი), რომლებმაც 5 ოქტომბერს ტალიონის ბალეტ "სილფიდას" მეორე მოქმედება და "პოლკა-ვენგერკა" წარმოადგინეს. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისში. ერთი წლის შემდეგ ფიოდორ მანოხინმა "ჟიზელის" მეორე მოქმედება წარმოადგინა. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი თბილისში მანოხინმა 1854 წლის იანვარში დადგა. ეს იყო ფ. ტალიონის მიერ შექმნილი სამმოქმედებიანი ბალეტი "გიტანა - ესპანელი ბოშა". მაგრამ, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, იგი იძულებული გახდა 1854 წლის ზაფხულში დიდ თეატრში დაბრუნებულიყო. მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში სპექტაკლებს მართავდა პეტერბურგის საიმპერატორო საბალეტო თეატრი, რომლის დასში ცეკვავდნენ სოფია ფიოდოროვა, აისედორა დუნკანი, ვერა და მიხეილ ფოკინები. მიხეილ ფოკინი თბილისში თავის პირველ ნოვატორულ ბალეტებს დგამდა, რომლებმაც შემდეგ პარიზში, დიაგილევის "რუსულ სეზონებზე" აღიარება მოუტანა.

თბილისის საოპერო თეატრში შედგა იტალიელი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის მოსწავლის - მარია პერინის საზღვარგარეთული დებიუტი. მან ქართველ მაყურებელს პირველად აჩვენა 32 ფუეტე და დაანახა, რა დონეზე იყო განვითარებული საბალეტო ხელოვნება საზღვარგარეთ. 1897-1907 წლებში პერინი თბილისის საოპერო თეატრში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული საბალეტო სკოლის საფუძვლის ჩაყრა თბილისში მან გახსნა კლასიკური ცეკვების პირველი ქორეოგრაფიული სტუდია. მარია პერინი საქართველოში 48 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და საქართველოს მეორე სამშობლოდ თვლიდა. კლასიკური ცეკვის შესწავლის მისეულმა მეთოდმა, თაობებმა, რომელიც მან გაზარდა მყარი საფუძველი მოამზადა ქართული ბალეტის ჩამოყალიბებისათვის. იტალიაში დაბრუნებამდე, 1936 წელს, იგი დაესწრო მისი აღზრდილის, ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შექმნილი პირველი ქართული ბალეტის პრემიერას და დარწმუნდა, რომ უკვალოდ არ ჩაევლო მის შრომას. ქართულ ბალეტს იმედიანი მომავალი ესახებოდა.

ანდრია ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი" (შემდეგში "მთების გული") პირველი ქართული ბალეტია, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დადგა. "მზეჭაბუკმა", რომელსაც საფუძვლად თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ფოლკლორი უდევს, სცენაზე გმირულ-რომანტიკული ტენდენციები შემოიტანა, გააძლიერა მამაკაცის ცეკვა, უფრო ენერგიული და თავისუფალი გახადა ის. ასეთივე ტენდენციები დაედო საფუძვლად კლასიკური ბალეტების -"დონ კიხოტის", "ბაიადერას," გედების ტბის", "ჟიზელის" ჭაბუკიანის მიერ განხორციელებულ რედაქციებს.

ვახტანგ ჭაბუკიანმა 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1929-41 წლებში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის (მარიას) თეატრში მუშაობდა და კლასიკური რეპერტუარის ყველა წამყვან პარტიას ასრულებდა. თბილისში დადგმის შემდეგ, 1937 წელს "მთების გული" სწორედ ამ თეატრის სცენაზე გადმოიტანა. შემდეგი მისი წარმატება იყო ა. კრეინის ბალეტი "ლაურენსია", რომელიც 1939 წელს დაიდგა კიროვის თეატრში. "ლაურენსია" ლოპე დე ვეგას პიესის "ცხვრის წყაროს" სიუჟეტზეა აგებული. მთავარ პარტიებს ნატალია დუდინსკაია (ლაურენსია) და ვახტანგ ჭაბუკიანი (ფრონდოსო) ცეკვავდნენ. 1941 წლიდან ჭაბუკიანი თბილისში დაბრუნდა და 1973 წლამდე თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა, იმავდროულად იგი ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი იყო და ქართული ბალეტის თაობები აღზარდა.

ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებაში ერთმანეთთან იყო შერწყმული ცეკვის მკაცრი კლასიკური მანერა და ვირტუოზული ტექნიკა, მსუბუქი ნახტომი და ენერგიული პირუეტები, შინაგანი ექსპრესია და მშფოთვარე ტემპერამენტი. მის მიერ შექმნილმა სახეებმა კლასიკურ ბალეტებში მამაკაცის ცეკვის სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების მთელ თაობებზე.

ვ. ჭაბუკიანის შემოქმედების მწვერვალი ა.მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო" გახდა, რომლის ქორეოგრაფია მასვე ეკუთვნის და ოტელოს პარტიასაც თავად ცეკვავდა. სხვადასხვა დროს მას პარტნიორობას უწევდნენ გალინა ულანოვა, მაია პლისეცკაია, რაისა სტრუჩკოვა, მარინა სემიონოვა, ალლა შელესტი, ნატალია დუდინსკაია, ბერილ გრეი, ივეტ შოვირე. თბილისის სცენაზე კი მისი უცვლელი პარტნიორი გახლდათ ლეგენდარული ვერა წიგნაძე, რომელთან ერთადაც მან იცეკვა "ოტელო". დეზდემონა-ვერა წიგნაძე იგონებს, რომ ჭაბუკიანის შესრულებას "ცეკვა არ ერქვა, ეს რაღაც სხვა იყო, მთლიანად რომ გიპყრობდა." მათი შემოქმედებითი დუეტი მრავალი წლის მანძილზე არ ჩამოსულა სცენიდან და დაუვიწყარი სახეები შექმნეს "ჟიზელში", "ოტელოში", "გორდაში".
70-იანი წლების დასაწყისში თეატრის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა გიორგი ალექსიძე, ფეოდორ ლოპუხოვის მოსწავლე, რომელმაც 1922-24 წლებში ლენინგრადში შექმნა "ახალგაზრდა ბალეტის " ნოვატორული ჯგუფი. ლოპუხოვის იდეებსა და ნოვაციებზე აღზრდილმა ალექსიძემ თეატრში სულ სხვა ესთეტიკა მოიტანა. კლასიკური რეპერტუარის გარდა თეატრში იდგმებოდა ნეოკლასიკური ბალეტები: ბახის ("ჩაკონა"), პროკოფიევის ("კლასიკური სიმფონია"), მოცარტის ("სამშვენისები"), ვივალდის ("წელიწადის დრონი"), ფალიკის ("ორესტეა"), შოპენის ("ვარიაციები"); ასევე ქართველი კომპოზიტორების ბ.კვერნაძის ("ბერიკაობა"), ს.ცინცაძის ("სვანური ლეგენდა", "ანტიკური ესკიზები"), რ.გაბიჩვაძის ("მედეა"), ო.თაქთაქიშვილის ("ქართული სიუიტა"), ს.ნასიძის ("ფიროსმანი"), ვ.კახიძის ("ამორძალები"), გ.ყანჩელის ("დიპლიპიტო") მუსიკაზე. თეატრში თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გიორგი ალექსიძემ შექმნა ათობით ქორეოგრაფიული მინიატურა და ერთმოქმედებიანი ბალეტები, რომლებიც წარმოდგენილი იყო სიმფონიური ცეკვებისა და ნეოკლასიკური ბალეტების საღამოებზე.

1982-85 წლებში საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა მიხეილ ლავროვსკი, დიდი თეატრის მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. დროის ხანმოკლე მონაკვეთში ლავროვსკიმ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე განახორციელა საკმაოდ საინტერესო ბალეტები - პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტას" საკუთარი ვერსია და გერშვინის "პორგი და ბესი," სადაც მთავარ პარტიებს თავად ასრულებდა.

2004 - 2008 წლები

2004 წლიდან საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი გახდა, რომელსაც ადგილზე უამრავი პრობლემა დახვდა. გაუფერულებული საბალეტო ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ ყოველდღიური ინტენსიური შრომით გახდა შესაძლებელი. ხუთი სეზონის განმავლობაში ოცდარვა ბალეტი და ხუთი ს
ავტორი: iloilo195 კომენტარები:(0) ნანახია:(1619)





კომენტარები

ნავიგაცია

სამართავი ბლოკი

გამოკითხვა
საიდან ხარ?
სულ პასუხი: 183

მეგობრები

რეკლამა


 

 
 
 

 

მინი ჩათი
200

© 2004-2009 WwW.FeeT.Tk[FeeT AnD PaLaCH]
Designed By PaLaCH AnD FeeT
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები